ინგლისში სასაზღვრო წარმომადგენლებს აღარ მოეთხოვებათ კორონავირუსთან დაკავშირებული ძირითადი შემოწმება ჩაუტარონ მწვანე და ყვითელი ზონის ქვეყნებიდან ჩასულ პირებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს და აღნიშნავს, რომ ეს არის გაჟონილი ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც, მთავრობა თვალს ხუჭავს კორონავირუსის შემთხვევების იმპორტის რისკზე.
ძალაში შესული ცვლილება ნიშნავს, რომ სასაზღვრო ოფიცრები აღარ არიან ვალდებულნი შეამოწმონ, მიიღო თუ არა ქვეყანაში ჩასულმა პირმა ტესტის ნეგატიური პასუხი, ან აქვს თუ არა სამგზავრო ლოკატორის ფორმა, სადაც მითითებულია მისამართი, სადაც საჭიროების შემთხვევაში გადავა იზოლაციაში. მთავრობამ განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს გაჟონილ დოკუმენტებზე და ხაზი გაუსვა, რომ ავიაკომპანიებს კანონით მოეთხოვებათ ყველა საჭირო შემოწმების ჩატარება. მინისტრების მიდგომა საზღვარზე მთავრობის Covid-19 სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად კრიტიკულ ასპექტს წარმოადგენს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მთავრობამ ნელა იმოქმედა ამ წელს ინდოეთიდან ჩამოსულებისთვის საზღვრის დაკეტვის მხრივ, რამაც საბოლოოდ დელტას უფრო ინფექციური შტამის გავრცელება გამოიწვია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ხშირად იყო ხოლმე უთანხმოებები მიდგომების გამო. შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა, როგორც ცნობილია, მოითხოვა უფრო მკაცრი კონტროლი ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში. სასაზღვრო ძალების პერსონალისთვის გაგზავნილ ინსტრუქციაში განმარტებულია, რომ ყვითელი და მწვანე ზონის ქვეყნებიდან ჩასულებისთვის:
  • ოფიცრებს არ მოეთხოვებათ რეგულარულად შეამოწმონ მგზავრის ლოკატორის ფორმა ან გამგზავრებამდე ჩატარებული ტესტირება;
  • იქ, სადაც IT სისტემა მიუთითებს, რომ სამგზავრო ლოკატორის ფორმა არ იქნა ნაპოვნი, ოფიცრებს არ მოეთხოვებათ შეამოწმონ ფორმა, ან დაკითხონ მგზავრი.
  • ელექტრონული კარიბჭეები (eGates) აღარ არის საჭირო, თუკი ვერ იპოვნეს სამგზავრო ლოკატორის ფორმა.