ინდოეთის ჩატისგარჰის შტატში, რაჯეშ ვივასი, სამთავრობო დეპარტამენტის 32 წლის თანამშრომელი, მეგობრებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, როდესაც თავისი Samsung Galaxy S23 Ultra წყალში ჩაუვარდა, რის გამოც, მან მთლიანი წყალსაცავი დააცლევინა. ამის შესახებ CNN წერს.

შემთხვევა ცენტრალურ ინდოეთში, ჰერკუტას კაშხალზე მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ტელეფონის ამოღებას, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თავად ვივასმა თქვა, რომ მოწყობილობა ავზებში ჩავარდა, რომელშიც "გამოყენებისთვის შეუფერებელი" წყალი იყო.

შემდეგ მაღალჩინოსანმა დიზელის ორი სატუმბი მოატანინა და სამდღიანი უწყვეტი მუშაობის განმავლობაში, 2,1 მილიონი ლიტრი წყალი ამოტუმბეს, რაც 1500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად სრულიად საკმარისია, აღნიშნულია სტატიაში. მოგვიანებით, საჩივრების გამო, ადგილზე მივიდა სარწყავი და წყლის რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი და სამუშაოები გააჩერა.

თუმცა, იმ დროისთვის წყლის დონე უკვე ექვსი ფუტით (დაახლოებით 1,8 მ) იყო დაცემული. ზაფხულშიც კი, ამ მხარეში, წყალი 10 ფუტს აღემატება ხოლმე.

ვივასის თანახმად, მან, ადგილობრივი წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლისაგან დაახლოებით სამი-ოთხი ფუტი წყლის ამოტუმბვაზე ზეპირი ნებართვა მიიღო. მოგვიანებით, ამ უკანასკნელმა, ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ხუთი ფუტის სიღრმეზე (დაახლოებით 1,5 მ) წყლის ამოტუმბვის ნებართვა მისცა, მაგრამ ამოტუმბული გაცილებით მეტი იყო.

წყალში ჩაგდების შემდეგ ტელეფონი აღარ მუშაობდა. ვივასის ქმედებებს მედიისა და სხვა ოფიციალური პირების კრიტიკა მოჰყვა. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.