აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი X-ზე ეხმიანება.

"შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, ჩემი აზრები დაზარალებულებთანაა. მე ვგმობ ამ თავდასხმას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში და NATO-ს მოკავშირეები რჩებიან ერთიანები ჩვენი თავისუფლებისა და  ღირებულებების დასაცავად“, - წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.