ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
„პალესტინა არ არის უკრაინა", - ამბობს ლიბანის ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელი განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა სამხედრო ხომალდები თავის მოკავშირე ისრაელისკენ გადააადგილა.
„თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა, რეგიონში შეერთებული შტატების ყველა პოზიცია გახდება წინააღმდეგობის ღერძის ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდება. და ამ შემთხვევაში აღარ იქნება წითელი ხაზი“, - განაცხადა სააგენტო „ფრანს-პრესთან" თანამოსაუბრემ.
იმავდროულად, რუსეთი აცხადებს, რომ არსებობს ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის „მაღალი რისკი“, - წერს timesofisrael-ი და მოჰყავს აშშ-ის სამხედრო ხომალდების გადაადგილებასთან დაკავშირებით სააგენტო „ტასსთან" გაკეთებული კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის კომენტარი
„ამ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის რისკი მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოინახოს რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესში გადასასვლელი გზები, რათა შემცირდეს ეს ესკალაცია და მოხდეს კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის რეჟიმიდან გამოსვლა", - ამბობს პესკოვი.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰეზბოლას" დაჯგუფებამ გუშინ ცეცხლი გაუხსნა ისრაელის პოზიციებს და დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა შიში, რომ ირანი შესაძლოა ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.
დაახლოებით ერთი საათის წინ „ცახალმა" განაცხადა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანის მხრიდან რამდენიმე მებრძოლმა შეაღწია და საზღვრისპირა რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მომდევნო განცხადებაში „ცახალმა" აღნიშნა", რომ მოკლეს რამდენიმე მებრძოლი და გრძელდება ლიბანის მხრიდან შესულ მებრძოლთა დევნა.