თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, ქვეყანა ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ გახდება, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
"არჩევნები მოდის ერთ კვირაში. ეს თქვენი, ქართველების, არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც ეხება თქვენს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს არჩევანს, თქვენი მომავალი თქვენი გადასწყვეტია და არავისი სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.
ამ ღირებულებებზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნიდან გაგდებას, თუ თქვენ დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არ არის ადგილი თავისუფალი მედიისთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული პიროვნების უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, მაშინ, მინდა, გითხრათ ღიად – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.