აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც კომისიის ცნობით, ენტონი ბლინკენს გაეგზავნა.

"მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დაიწყოს, ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების წინააღმდეგ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრის წინააღმდეგ",– ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი.

კონგრესმენების თქმით, "მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ზომებია მისაღები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით".

"ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. თუმცა ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად".