ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე წერს და Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამხედრო–სავაჭრო პაკეტს და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც Politico გაეცნო, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმები დაკმაყოფილდება.

ამასთან, პროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებასაც ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.

თუმცა, პროექტის მიხედვით, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“.

პროექტს რესპუბლიკელი ჯო უილსონი კონგრესს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს.