ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მუჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ღაზას სექტორში ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, ისრაელის სამთავრობო მინისტრების და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების კრიტიკა მოჰყვა. 

„ეს არის თანამედროვე ანტისემიტიზმი სამართლიანობის საფარქვეშ“, - წერს ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ტვიტერზე და ორდერებს „სამართლებრივ აბსურდს“ უწოდებს.

 „ისრაელი არ მოიხდის ბოდიშს თავისი მოქალაქეების დაცვის გამო. ეს არ არის დანაშაული, ეს ჩვენი ეროვნული და მორალური მოვალეობაა“, - ამბობს იგი.

სასამართლომ „კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის ზედმიწევნით ანტისემიტური გადაწყვეტილება“, - ამბობს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირ.

„დაპატიმრების ორდერზე პასუხი არის სუვერენიტეტის გამოყენება იუდეასა და სამარიის ყველა რაიონზე, დასახლებების შექმნა ქვეყნის ყველა კუთხეში და ტერორისტულ <პალესტინის> ხელისუფლებასთან კავშირის გაწყვეტა და აგრეთვე,  სანქციები“, - დაწერა მან ტვიტერზე.

„ისრაელი იცავს თავს ტერორისტული ორგანიზაციებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენ მოქალაქეებს, მოკლეს და გააუპატიურეს ისინი. ეს დაკავების ორდერები ტერორიზმის ჯილდოა“, - ამბობს ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არის „ზნეობრივი სიბრმავე და ისტორიული მასშტაბის სირცხვილი, რომელიც არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს „ნაციონალური ერთობის“ ლიდერი ბენი განცი, ნეთანიაჰუს სამხედრო კაბინეტის ყოფილი წევრი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ „დღეს წარმოადგინა საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს ინსტიტუტების ორმაგი სტანდარტებისა და თვალთმაქცობის კიდევ ერთი მტკიცებულება. ისრაელის სახელმწიფო ბოდიშს არ მოიხდის თავისი მოქალაქეების დაცვისთვის და მზად არის გააგრძელოს ტერორიზმთან ბრძოლა კომპრომისის გარეშე" - წერს ფეიბუქზე  პარტია „ჩვენი სახლი - ისრაელის" თავმჯდომარე თავმჯდომარე ავიგდორ ლიბერმანი, რომელიც ადრე ნეთანიაჰუს მთავრობის თავდაცვის მინისტრი იყო.

"ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება", - ამბობს დემოკრატების პარტიის ლიდერი იაირ გოლანი. „ისრაელსჰქონდა და მუდამ  და ექნება უფლება დაიცვას თავი გარე მტრებისგან".