ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედია იუწყება.

სამხრეთ კორეელმა გუბერნატორმა აღშფოთება გამოიწვია პროვინციების მოსახლეობის შემცირების შესაჩერებლად „შრი-ლანკიდან და ვიეტნამიდან ქალწულების იმპორტირების“ შეთავაზებით.

ჯინდოს ოლქის გუბერნატორმა, კიმ ჰი-სუმ, სამხრეთ ჩოლას პროვინციის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს შესთავაზა სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ გვაგჯუსთან პროვინციის ცხრა ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციული შერწყმის განხილვა.

„ქვეყნის 89 რეგიონიდან, რომლებიც მოსახლეობის შემცირების წინაშე დგანან, 20 პროცენტი სამხრეთ ჩოლას პროვინციაშია. ჩვენ უნდა გადავჭრათ გადაშენების ეს კრიზისი. მოსახლეობის მკვეთრი შემცირება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში იყო პროგნოზირებული, მაგრამ მთავრობამ დაუდევრობა გამოიჩინა. ქალაქისა და ოლქის მძიმე მდგომარეობის გამო ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“, - თქვა კიმჰი-სუმ

მისი მტკიცებით, გაერთიანება არა მხოლოდ ინდუსტრიულ განვითარებაზე, არამედ მოსახლეობის შემცირების პრობლემის მოგვარებაზეც უნდა იყოს ორიენტირებული.

„თუ ხალხი არ იქნება, რა აზრი აქვს ინდუსტრიის გადარჩენას?“ - იკითხა მან და დასძინა:

„ჩვენ უნდა მივმართოთ ისეთ განსაკუთრებულ ზომებს, როგორიცაა შრი-ლანკიდან და ვიეტნამიდან ქალწულების იმპორტი და სოფლად მცხოვრები უცოლოების მათზე დაქორწინება“.

შეხვედრა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და კიმის სიტყვებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია აღშფოთება.

გვაგჯუს მერმა კან კი-ჯუნმა მაშინვე გააპროტესტა კიმის შეთავაზება.

„შეიძლება ბევრი გამოსავალი იყოს, მაგრამ უცხოელები, ქორწინება და შობადობის ამ გზით გაზრდა არასწორი ვარიანტია. მხოლოდ მაშინ, როდესაც რეგიონში ინდუსტრია განვითარდება, გაიზრდება შობადობა და მოსახლეობა. პირველ რიგში, ინდუსტრია უნდა განვავითაროთ“, - თქვა მან.

სამხრეთ ჩოლას პროვინციის ჯინდოს ოლქის გუბერნატორის შეთავაზება სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის თემებში მოსახლეობის შემცირების პრობლემის გადაჭრის მიზნით „შრი-ლანკიდან ან ვიეტნამიდან ქალწულების იმპორტის“ შესახებ დიპლომატიურ საკითხად იქცა. კიმის სიტყვები ვიეტნამურმა მედიამაც გაავრცელა და სამხრეთ ჩოლას პროვინციამ სიტუაციის ჩაწყნარების მიზნით ორივე ქვეყნის საელჩოებისთვის საბოდიშო წერილების გაგზავნა გადაწყვიტა. მიგრანტების, ქალებისა და ადამიანის უფლებების დამცველმა ეროვნულმა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს.

კიმმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ აპირებდა დაემტკიცებინა გაუთხოვარი უცხოელი ქალების შემოდინების გაზრდის აუცილებლობა, რათა წახალისებულიყო სოფლად მცხოვრები უცოლო მამაკაცების ქორწინებისკენ სწრაფვა და გაუმჯობესებულიყო ამ რეგიონების მდგრადობა, მაგრამ სიტყვა არასწორად აირჩია და გამოიყენა. თუმცა, დემოკრატიულმა პარტიამ ახსნა არ მიიღო და გუბერნატორი დისკრიმინაციული განცხადებების გამო თავისი რიგებიდან გარიცხა

გასული წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეაში შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2018 წელს შეადგენდა ერთ ქალზე 1,98 ბავშვს, 2020 წელს 0,84 ბავშვს, 2023 წელს 0.72 ბავშვს, 2024 წელს კი 0,75 ბავშვს. ამ ტენდენციის საფუძველზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის 50 მილიონიანი მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში შეიძლება განახევრდეს.