Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე სპეციალური Doodle გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

Doodle-ს მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.