ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საჰაერო თავდასხმის დროს საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა,– BBC ორგანიზაციის დამფუძნებელზე დაყრდნობით.

World Central Kitchen–მა ღაზას სექტორში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

გარდაცვლილები ავსტრალიის, ბრიტანეთის და პოლონეთის მოქალაქეები არიან, ასევე პალესტინელები და აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ღაზას სექტორში ჯავშანმანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც WCK-ის ლოგო ჰქონდა.

WCK-მა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებთან მოქმედებების კოორდინაციის მიუხედავად, კოლონას ცეცხლი ისრაელელმა სამხედროებმა ქალაქ დეირ ელ-ბალახში საწყობიდან გამოსვლისას გაუხსნეს, 100 ტონაზე მეტი სასურსათო ჰუმანიტარული დახმარების გადმოტვირთვის შემდეგ.

World Central Kitchen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ გორიმ განაცხადა: "ეს არ არის მხოლოდ WCK-ზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე."

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ უმაღლეს დონეზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყეს, რათა დადგინდეს ამ "ტრაგიკული ინციდენტის" გარემოებები.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვას "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა.