ღაზას სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გალალ ისმაილმა განაცხადა. იუწყება CNN.

მისი თქმით, ღაზის მოსახლეობას შეუძლია ელექტროენერგიის გენერატორების გამოყენება, მაგრამ  ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავის მარაგი ამოწურულია.

ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს და ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა".