კიევის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას კიევის საოლქო ადმინისტრაცია და კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

რუსეთის ძალებმა შეტევა ქალაქ რჟიშევზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ნანგრევებში კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ.

ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21-იდან 16 დრონი ჩამოაგდეს.

„22 მარტს, ღამით, მტერმა „შაჰედი-136“ უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული ავიადარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გამოშვებული 21-დან 16 დრონი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.