გერმანიაში ამოუცნობი დრონების გამოჩენის შემდეგ აცხადებენ, რომ განიხილავენ შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების ნებართვის გაცემას, თუმცა გარკვეული პირობებით.

როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი გეგმავს, გამოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შესაბამის უფლებამოსილებებს დაარეგულირებს.

კერძოდ, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ექნებათ უფლება, ჩამოაგდონ უპილოტო საფრენი აპარატები, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან ადამიანების სიცოცხლეს ან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და, როდესაც თავდაცვის სხვა ზომების გამოყენება არასაკმარისია.

კანონპროექტის თანახმად, ასეთ კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო მიიღებს.

„ჩვენ ახლა გვაქვს ორ კომპონენტიანი სტრატეგია. ერთი მხრივ, ეს იქნება დრონებისგან თავდაცვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ფედერალური პოლიციის, ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და მიწების ადგილობრივი პოლიციის კომპეტენციების ჯაჭვს, ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ტექნოლოგიური ექსპერტიზის კონცენტრაციით და ახალი კვლევითი პროექტების ინიცირებით. მეორე დიდი კომპონენტი გახლავთ საჰაერო უსაფრთხოების აქტის გადახედვა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი საფუძვლის შექმნას, რათა ბუნდესვერი პოლიციის ადმინისტრაციული დახმარების ფარგლებში ჩაერთოს დრონებისგან დაცვაში. მივიჩნევ, რომ ასეთი სამართლებრივი საფუძველი აუცილებელია, რადგან დრონებთან დაკავშირებული ვითარება შეიძლება, იმდენად მრავალფეროვანი იყოს, რომ ბუნდესვერის ჩარევაც საჭირო გახდეს. ცხადია, ეს მოიცავს ასევე დრონების ჩამოგდებას“,  – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ინციდენტი შლეზვიგ-გოლშტაინის მიწაზე მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება.

თარგმანი: პირველი არხი