გერმანიის უდიდეს ქალაქებში ახალგაზრდების დემონსტრაციები, რომლებიც მოძრაობა Gen-Z regelt-ის ("თაობა Z წყვეტს") მიერ იყო ორგანიზებული, შაბათს, 31 ოქტომბერს, საღამოსკენ არეულობაში გადაიზარდა.
მთლიანობაში აქციები გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. ორგანიზატორების მონაცემებით, მათში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეთა მოთხოვნებს შორისაა - განათლების ხარისხის ამაღლება, ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო ზომების მიღება, კლიმატის უფრო აქტიური დაცვა, ფსიქოთერაპიასა და დამოკიდებულებების მკურნალობაში დახმარების ხელმისაწვდომობის გამარტივება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას და სოციალური ხარჯების შემცირებას.
მაინის ფრანკფურტში 8-9 ათასი ადამიანის მონაწილეობით მშვიდობიანად დაწყებული დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვასა და პოლიციელებზე თავდასხმებში, მათ შორის, "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენებით. კერძოდ, აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ჯგუფმა იარაღის მაღაზიაში, ასევე ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Snipes-ში შეჭრა შეძლო. პირველ სავაჭრო ობიექტზე თავდამსხმელებს ორი ერთეული იარაღი ჩამოართვეს.
ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის თქმით, არეულობის უკან დგას "დაახლოებით 100 ძალადობისკენ მიდრეკილი მემარცხენე ექსტრემისტი", რომლებიც დემონსტრანტებს შორის აღმოჩნდნენ. დაახლოებით ამდენივე ადამიანს პოლიციელებმა საბუთები შეუმოწმეს, 30-ზე მეტი პირი კი დააკავეს.
ღამისკენ სამართალდამცველებმა არეულობის შეჩერება შეძლეს - ამისთვის გამოიყენეს წყლის ჭავლი, ჯავშნიანი საპოლიციო მანქანები, ვერტმფრენი და დრონები. მათ ქალაქის ცენტრის ნაწილის გადაკეტვა მოუწიათ. "ისინი, ვინც ისე იქცევიან, როგორც ბოროტმოქმედები ფრანკფურტის ცენტრში, საკუთარ თავს ჩვენი საზოგადოების მიღმა აყენებენ. ჩვენ გულდასმით გავაანალიზებთ აგრესორების ქმედებებს, სამართალდამრღვევთა ჯგუფების შემადგენლობასა და მოვლენების მიმდინარეობას, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ", - განაცხადა ჰესენის პრემიერ-მინისტრმა ბორის რაინმა.




