„ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიაში თავდასხმებს გეგმავს“,- აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური სამსახურის კონსტიტუციის დაცვის უფროსმა,  ჰანს-გეორგ მაასენმა გაზეთ Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ისლამური სახელმწიფო“ გერმანიაში თავისი ინტერესების გათვალისწინებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავს“,-განაცხადა მაასენმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დღეისათვის კონტრდაზვერვის სამსახურს კონკრეტული მონაცემები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერორისტული თავდასხმების გეგმების შესახებ არ აქვს. 

მაასენმა „ისლამური სახელმწიფოს“  პროპაგანდისტულ მიზნებზე ისაუბრა და მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სირიაში დაბრუნებული  მოქალაქეები ქვეყანაში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ.

მან განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული საქმიანობის შედეგად გერმანიაში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა არ განხორციელდა.კერძოდ, მისი განმარტებით, დაფიქსირდა  რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ვეღარ ამოქმედდა.

მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 1,1 ათას ადამიანს  გერმანიის კონტრდაზვერვა პოტენციურად საშიშად მიიჩნევდა.  მისი განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ 300 ისლამისტი ევროპაში აფრიკიდან და სირიიდან ჩამოსული ლტოლვილების გადაბირებას ცდილობს.

მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ახალი ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ევროპაში ტერორისტული თავდასხმის განხორციელებით იმუქრებიან. მათ შორისაა ბერლინი, ლონდონი და რომი.