გერმანიის 11 აეროპორტში, მათ შორის მაინის ფრანკფურტის, ბერლინის, ჰამბურგის, დიუსელდორფის, კელნის და შტუტგარტის აეროპორტებში გაფიცვაა. 

გაფიცვა არ შეეხო მიუნხენის და ნიურნბერგის აეროპორტებს, თუმცა რეისები არ შესრულდება იმ ქალაქებში, რომელთა აეროპორტებშიც გაფიცვაა.

აეროპორტების გაერთიანება ADV-ს ცნობით, სულ მცირე, 1100 რეისი გაუქმდა. მისი ინფორმაციით, გაფიცვა 200 000-მდე მგზავრს დააზარალებს.

პროფკავშირ Ver.di-ს მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში მონაწილეობს 25 000 თანამშრომელი, რომლებიც აეროპორტების უსაფრთხოებას და მგზავრების და ბარგის შემოწმებას უზრუნველყოფენ.

გერმანული გამოცემა DW-ს ცნობით, პროფკავშირი საჰაერო უსაფრთხოების და დაცვის სამსახურების ფედერალური გაერთიანებისგან მოითხოვს თანამშრომლებისთვის ხელფასის საათში 2,8 ევროთი მომატებას და დანამატების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდას. ფედერალურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხარჯებს 250 მილიონი ევროთი გაუზრდის. მხარეებს შორის მოლაპარაკება 6 თებერვალს უნდა გაგრძელდეს.