ამის შესახებ გერმანიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, დიუსელდორფის მიმდებარე ქალაქ ზოლინგენში, ქალაქის 650 წლისთავისადმი მიძღვნილ მრავალფეროვნების ფესტივალზე, დაახლოებით 21:45 საათზე, უცნობმა პირმა ქალაქის ცენტრში მოწყობილ სცენასთან დანით 3 კაცი მოკლა და მიიმალა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს და შეკრებილ ათასობით ადამიანს პანიკის გარეშე დაშლა სთხოვეს. პოლიციამ ქალაქის ქუჩები გადაკეტა, ძებნაში ვერტმფრენი ჩართო, მაგრამ ამ დრომდე დამნაშავის კვალს ვერ მიაგნო.
ზოლინგენის მედია წერს, რომ დანით შეიარაღებულმა უცნობმა პირმა სამი ადამიანი მოკლა (1 ქალი და 2 კაცი), სამს ძალიან მძიმე ჭრილობა მიაყენა, სამს - მძიმე, ერთი კი ნაკლებად მძიმე. გერმანიის სააგენტოების დიდი ნაწილი წერს, რომ 9 კაცია დაჭრილი. ოფიციალური პირები ინფორმაციის დაზუსტებისგან თავს იკავებენ.
„ბილდის" ცნობით, თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ დანით შეიარაღებულ პირს არაბული გარეგნობა ჰქონდა.