გერმანიაში, ბავარიის მიწაზე, ავსტრია-გერმანიის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში მდებარე ქალაქ ამპფინგთან მომხდარი ავარიის დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა.

გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დილი დაახლოებით 03:00 ფედერალური პოლიციის პატრულმა მიუნხენის მიმართულებით მოძრავი მერსედეს-ბენც ვიტო შენიშნა და მისი შემოწმების დააპირა. პოლიციის მტკიცებით, ავტომობილის მძღოლმა, მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ მას პოლიცია მისდევდა და შეჩერების შესახებ ნიშანს აძლევდა, 180 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითარა და პოლიციისგან თავის დაღწევა სცადა.

ამპფინგთან მერსედესის მძღოლმა მიუნხენისკენ მიმავალი ტრასიდან ვალდკრაიბურგისკენ მიმავალ გზაზე გადახვევა სცადა, მაგრამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად, მაქსიმუმ ცხრა ადამიანზე გათვლილ ავტომობილში მყოფი 23 ადამიანიდან შვიდი, მათ შორის 6 წლის ბავშვი, დაიღუპა, სხვები, კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსედესის მძღოლს, მოქალაქეობის არმქონე პირს  ავსტრიიდან, რომელიც მძიმედაა დაშავებული, დევნილები სირიიდან და თურქეთიდან გადაჰყავდა გერმანიაში.  

ტრაგედიაზე საუბრის დროს, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა (ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) საკუთარი თავის გადასარჩენად ფედერალური პოლიციისთვის თავის არიდებას შოკის მომგვრელი არაადამიანური საქციელი უწოდა.

ბავარიელმა მემარცხენეებმა, თავის მხრივ, პოლიცია „ლტოლვილებზე ნადირობის" ორგანიზებისთვის გააკრიტიკეს.

საეჭვო მანქანების ისეთი გადაჭარბებული გულმოდგინებით დევნა, რომლის დროსაც  უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან - ჩვენი პოლიციისთვის აბსოლუტურად უღირსი საქციელია, -  განაცხადა პარტიის სპიკერმა ადელჰაიდ რუპმა.