გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ (BfV) ბოლო თვეებში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ მიმართული რუსული დეზინფორმაციის ზრდა დააფიქსირა, – იტყობინება გაზეთი Handelsblatt.
"2026 წლის ივნისის ბოლოდან აქტივობის სიხშირემ ზრდა განაგრძო", – ციტირებს გამოცემა BfV-ს განცხადებას. უწყების მონაცემებით, კამპანიები ძირითადად X-სა და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება. თანაც, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საუბარია ცნობილი მედიასაშუალებების ვიდეოებზე.
უწყების ცნობით, ყალბი მონაცემების მქონე მასალების ნაწილი, რომელთა ყურადღების ცენტრშიც კანცლერი იმყოფება, შეიძლება, მივაკუთვნოთ ეგრეთ წოდებულ კამპანიას "მატრიოშკა".
კვალი რუსეთში მიდის
ის უკვე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა საქსონია-ანჰალტის მხარის ბოლო არჩევნების დროს. მაშინ ყურადღების ცენტრში ძირითადად მხარის პარლამენტის კანდიდატები იმყოფებოდნენ.
ასევე ნახსენებია დაჯგუფება Storm-1516, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებდა 2025 წლის თებერვალში გამართული ბუნდესტაგის არჩევნების კონტექსტში. 2025 წლის დეკემბერში გერმანიის მთავრობამ ეს დაჯგუფება საჯაროდ მიაკუთვნა რუსეთის ფედერაციას.
უფრო ფართო მასშტაბით, კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების თანახმად, საუბარია "საზოგადოებრივი წინააღმდეგობების გაძლიერებაზე, დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის შელახვასა და პოლიტიკური აზროვნებისა და ნების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებაზე".




