გერმანია და ევროკავშირის კიდევ ოთხი ქვეყანა გეგმავენ, 2027 წლიდან რუანდაში გაგზავნონ ის მიგრანტები, რომლებსაც თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვათ, თუმცა წარმოშობის ქვეყნებში მათი დაუყოვნებლივ დეპორტაცია შეუძლებელია. დეპორტაციის ცენტრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გეგმები მიგრაციის საკითხებზე გამართულ ვენის კონფერენციაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა, დანიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, ავსტრიისა და რუანდის კოლეგებთან ერთად გამოაცხადა.
"დაბრუნების ცენტრები კონსტრუქციულ მიდგომას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ევროპაში დარჩენის უფლება, მოკლებულნი არიან აქ ყოველგვარ პერსპექტივას და რომელთა წარმოშობის ქვეყნებიც არ თანამშრომლობენ მათი დაბრუნების საკითხებში", - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში დეპორტაციის გეგმის ნაწილია შეკავების ეფექტიც, დასძინა მან.
დობრინდტმა აღნიშნა, რომ გეგმები განხორციელდება გერმანიის კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ნორმების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. მსგავსი ცენტრების შექმნა ჯერ კიდევ ყველაზე საწყის ეტაპზეა, ამასთანავე, რუანდასთან მოლაპარაკებებმა ყველაზე წინ წაწეულ სტადიას მიაღწია, დაამატა მან.
ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, კონკრეტულად რამდენი ადამიანის გაგზავნა იგეგმება იქ, აღნიშნა ასევე გერმანელმა მინისტრმა. საუბარი არ არის მასობრივ ბანაკებზე — იგულისხმება უფრო ინტეგრაციული მიდგომა, მაგალითად, რუანდაში პროფესიული განათლების მიღების ან მოგვიანებით იქიდან სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობით, განმარტა დობრინდტმა.
ამავდროულად, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ რუანდაში დეპორტაციის ცენტრების შექმნით ევროკავშირის ქვეყნები მკაფიო სიგნალს აგზავნიან. "არ შეიძლება, უბრალოდ შემოხვიდე ევროკავშირში კანონიერი საფუძვლის გარეშე და გქონდეს იმის იმედი, რომ დარჩენის უფლებას მოგცემენ", - მიუთითა მან. ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კრისტიან შტოკერმა ჟურნალისტებს სამიგრაციო პოლიტიკაში პარადიგმის ჭეშმარიტად ისტორიული ცვლილების შესახებ განუცხადა. "ჩვენ საკუთარი სახლის ბატონ-პატრონები უნდა ვიყოთ", - დასძინა მან.




