გერმანია და აშშ ორი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგასთან, პიტ ჰეგსეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა შესაბამისი განზრახვების შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი, კერძოდ, ითვალისწინებს გერმანიაში ამერიკული სამხედრო ტექნიკის წარმოების შესაძლებლობას, თუ აშშ-ში არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, საწარმოო სიმძლავრეები არასაკმარისი აღმოჩნდება.
პისტორიუსის თქმით, აშშ-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს შეიარაღების წარმოების მოცულობები და ტემპები, შეავსოს მარაგები და გააუმჯობესოს ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვები. მინისტრის განცხადებით, ეს ბუნდესვერს უფრო ბრძოლისუნარიანსა და ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნაში მყოფს გახდის.
გერმანიისა და აშშ-ის უმსხვილეს ერთობლივ თავდაცვით პროექტებს შორის მინისტრმა დაასახელა P-8A Poseidon-ის ტიპის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების მიწოდება, რომლებიც გერმანიაში უკვე რამდენიმე თვეა შედის. 2027 წელს გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პირველი მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი CH-47 Chinook უნდა მიიღონ.




