ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოსთან კავშირი აღადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჯანმომ ღაზას სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალთან დაკავშირება შეძლო“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საავადმყოფოს სიახლოვეს უწყვეტმა დაბომბვებმა უფრო მეტად დაამძიმეს ისედაც არსებული კრიტიკული ვითარება, იზრდება დაღუპული პაციენტების რაოდენობა.

„სამწუხაროდ, საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს, როგორც სამედიცინო დაწესებულება“, - თქვა გებრეისუსმა და იქ არსებულ მდგომარეობას შემაძრწუნებელი და საშიში უწოდა.

„მსოფლიოს სიჩუმე აღარ შეიძლება, როცა საავადმყოფოები, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფარი უნდა იყოს, სიკვდილის, სიცარიელისა და სასოწარკვეთის ადგილებად არის ქცეული“, - განაცხადა გებრეისუსმა.