14 სექტემბერს აშშ-ის უძველეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სანდერსის თეატრში 2014 წლის შნობელის (იგივეა, რაც იგნობელი, ანტინობელი - აიპრესი) პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

○ საუკეთესო გამოგონებად სამკურნალო საშუალებების დარგში ცნეს მიჩიგანის უნივერსიტეტის ოსტეოპათიის კათედრის საპატიო პროფესორი დევიდ ვარტინგერი და ამავე კათედრის რეზიდენტი მარკ მიტჩელი. მათ დაამტკიცეს, რომ თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას აჩქარებს გასართობი ატრაქციონი ამერიკული გორაკები. ამასთან, კვლევამ ცხადყო, რომ უკანა ავტომობილებში მსხდომების კენჭებისგან განთავისუფლების მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა, ხოლო წინა ავტომობილებში მსხდომების - 16%-ს.

აღსანიშნავია, რომ დევიდ ვარტინგერს ამ კვლევის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მას პაციენტებმა ამერიკულ გორაკზე გართობის შემდეგ კენჭების გამოდევნის შესახებ მოუთხრეს.

"მე ერთმა პაციენტმა ისიც კი მითხრა, რომ რამდენიმე ცდით სამი სხვადასხვა ზომის კენჭი გამოდევნა."

○ ანთროპოლოგიის დარგში პრემია გადაეცათ შვედ მეცნიერებს ტომას პერსონს, გაბრიელა-ალინა სოუჩუკს და ელეინ მედსენს. ზოოპარკში არაერთგზის დაკვირვების შედეგად მათ დაადგინეს, რომ შიმპანზეები ისევე ხშირად და დაახლოებით იმგვარადვე ბაძავენ ადამიანებს, როგორც ადამიანები შიმპანზეებს.

○ ბიოლოგიის დარგში შნობელის პრემიის ლაურეატები აგრეთვე გახდნენ შვედი მეცნიერები - პოლ ბეხერი, სებასტიან ლებრეტონი, ერიკა უიელინი, ერიკ ჰედენშტრიომი, ფელიპე ბორერო-ეჩევერი, მარი ბენგსტონი, ფოლკერ იორგერი და პიტერ ვიტცგალი. მათი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ დედალი ბუზები გამოყოფენ ფერომენებს (ნივთიერებებს, რომლებიც იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს - აიპრესი), რომლებსაც ადამიანებისთვის ძლიერ არასასიამოვნო სუნი აქვთ და ამ ფერომენის ღვინით სავსე ჭიქაში მოხვედრას ადამიანები დაუყოვნებლივ შეიგრძნობენ. ამასთან მათ შეუძლიათ დარწმუნებით თქვან, რომ ღვინო დედალი ბუზისგან გაფუჭდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ