გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ღაზის სექტორში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა. 

გეგმის მიხედვით, აშშ საერთაშორისო და არაბულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნის საერთაშორისო სასტაბილიზაციო ძალებს (ISF), რომელიც გაწვრთნის და მხარს დაუჭერს გამოცდილ და შემოწმებულ პალესტინელ პოლიციელებს, ასევე ღაზის სექტორის აღდგენის პროცესის წინსვლასთან ერთად, შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინელების თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის გზის გასახსნელად. 

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში კენჭისყრას ისტორიულ მომენტს უწოდებს.

ჰამასმა უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა არ ითვალისწინებს პალესტინელების უფლებებსა და მოთხოვნებს და საერთაშორისო ძალების მიერ პალესტინის ოკუპაციას უწყობს ხელს. 

დონალდ ტრამპმა ჰამას-ისრაელის კონფლიქტის დასასრულებლად 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 3 ოქტომბერს წარადგინა. მისი პირველი და მთავარი პუნქტი მძევლების დაბრუნება იყო.