გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობა „კაცობრიობის წინააღმდეგ უმძიმეს დანაშაულად“ მოიხსენია. დოკუმენტი განას მიერ იყო შეთავაზებული და მას ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა მოჰყვა.

რეზოლუციას მხარი 123-მა ქვეყანამ დაუჭირა. თავი შეიკავა 52 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამი - არგენტინა, აშშ და ისრაელი - წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტი მოუწოდებს ქვეყნებს, აღიარონ მონებით ვაჭრობაზე მათი ისტორიული პასუხისმგებლობა, განიხილონ ბოდიშის მოხდის შესაძლებლობა (ნიდერლანდები დღემდე რჩება ერთადერთ ევროპულ ქვეყნად, რომელმაც ოფიციალურად მოიხადა ბოდიში მონებით ვაჭრობაში მონაწილეობისთვის - „აიპრესი“) და შექმნან რეპარაციების მექანიზმები. თუმცა, გადახდის კონკრეტული თანხები ან ფორმები არ არის მითითებული. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულო არ არის, მაგრამ ისინი ასახავს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას.

ტექსტი მრავალი თვალსაზრისითაა ღრმად პრობლემური, - განაცხადა კენჭისყრამდე აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში დენ ნეგრეამ.

მან გამოთქვა სინანული, რომ ვაშინგტონმა „კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს ამ ორგანოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არსებობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“ და „არ დაარსებულა ვიწრო, კონკრეტული ინტერესებისა და მიზნების წინ წასაწევად“ და „ახალი, ძვირად ღირებული მანდატების შესაქმნელად“.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები „არ აღიარებს იმ ისტორიული უსამართლობებისთვის კომპენსაციის ლეგიტიმურ უფლებას, რომლებიც მათი ჩადენის დროს არ იყო უკანონო საერთაშორისო სამართლის მიხედვით“.