გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტრეფიკინგის ჩრდილოვანი სქემის ფარგლებში უკრაინაში საბრძოლველად ასობით იემენელი მამაკაცი წაიყვანა, რაც რუსეთსა და იემენელი ჰუსიტების ტერორისტულ დაჯგუფებას შორის მზარდ კავშირებს აჩვენებს.
Financial Times-თან იემენიდან დაქირავებულმა მამაკაცებმა თქვეს, რომ მათ რუსეთი მაღალ ხელფასებსა და და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა, თუმცა, როდესაც ისინი ჰუსიტებთან დაკავშირებული კომპანიის მეშვეობით რუსეთში ჩავიდნენ, ისინი რუსეთის ჯარში ძალდატანებით ჩაწერეს და უკრაინაში საბრძოლველად ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.
გამოცემის მიხედვით, რუსეთის მხრიდან მსგავსი მეთოდებით ჯარში უცხოელების ჩართვის მცდელობა ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობს კრემლი ომის გაგრძელებას, ქვეყანაში სრული მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.
ამერიკელი დიპლომატების თქმით, კრემლსა და იემენელ ჰუსიტებს შორის კავშირი, რაც უკრაინაში ომამდე წარმოუდგენელი იყო, ნიშანია იმის, თუ სადამდე მიდის რუსეთი, რომ კონფლიქტმა სხვა რეგიონებიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიც, მოიცვას.
იემენისთვის აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ტიმ ლენდერკინგმა დაადასტურა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჰუსიტებთან კავშირების გაბმას და იარაღის მიწოდებასაც განიხილავს.
იემენის დედაქალაქ სანაში სტრატეგიული კვლევითი ცენტრის დირექტორის მაგედ ალმადჰაჯის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია "ნებისმიერი დაჯგუფებით წითელ ზღვაში, ან ახლო აღმოსავლეთში, რომელიც აშშ-ს მიმართ მტრულადაა განწყობილი". ხოლო დაქირავებული მებრძოლების რუსეთში გაგზავნის ორგანიზატორები ჰუსიტები არიან, რაც მათი მხრიდან რუსეთთან კავშირების გაბმის მცდელობაა.
თუმცა, სპარსეთის ყურის რეგიონზე Chatham House-ის ექსპერტის, ფარეა ალ მუსლიმის, მიხედვით, რუსეთში წაყვანილი იემენელ მებრძოლებს ომში ყოფნის არც გამოცდილება და არც სურვილი აქვთ.
"ერთი რამ, რაც რუსეთს სჭირდება, ჯარისკაცებია, და აშკარაა, რომ ჰუსიტები [რუსეთისთვის] რეკრუტირებას აკეთებენ". - ამბობს ალ მუსლიმი. მისი თქმით, "იემენი რეკრუტირებისთვის საკმაოდ მარტივი ადგილია. იგი ძალიან ღარიბი ქვეყანა".
Financial Times-ის მიერ ნანახ კონტრაქტში, რომლითაც ერთ-ერთი იემენელი მამაკაცი რუსეთში წაიყვანეს, ნახსენებია კომპანია, რომლის დამაარსებელიც ცნობილი ჰუსიტი პოლიტიკოსი, აბდულვალი აბდო ჰასან ალ-ჯაბრია. კომპანია ომანში არის დარეგისტრირებული და სარეგისტრაციო დოკუმენტებში იგი ტურ-ოპერატორად და სამედიცინო აღჭურვილობისა და ფარმაცევტული პროდუქტების საცალო მიმწოდებლად არის აღწერილი. დოკუმენტის მიხედვით, ამ გზით იემენელების რუსეთში წაყვანა ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიწყო, ხოლო გამოცემასთან საუბრისას რუსეთში წაყვანილმა ერთ-ერთმა იემენელმა განაცხადა, რომ იგი რუსულ არმიაში მომსახურე დაახლოებით 200-მდე იემენელისგან შემდგარი ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც სექტემბერში, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ჯარში გაიწვიეს.