გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში (Joint Expeditionary Force, JEF) შემავალი ჩრდილოეთ ევროპის ათივე ქვეყნის წარმომადგენელი 10 ნოემბერს თავიანთ რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ამის შესახებ Financial Times-თან (FT) დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა რიჩარდ ნაიტონმა განაცხადა.
FT-სთან ინტერვიუში ნაიტონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონს სჭირდება, "დაეწიოს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს", მათ შორის, იმათ, ვინც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა რუსეთთან და უფრო მწვავედ შეიგრძნობს რუსეთის მხრიდან საფრთხესა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს. "საუბარია მიზანმიმართულ მკვლელობებზე, დივერსიებზე, კიბერშეტევებზე. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან სავსებით რეალური ქმედებები, რომელთა მტკიცებულებებიც გვაქვს ევროპაში და, გარკვეულწილად, დიდ ბრიტანეთშიც", — განმარტა ბრიტანელმა მთავარსარდალმა.
ოქტომბერში რიჩარდ ნაიტონმა სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, მოემზადონ შესაძლო ომისთვის და გააფრთხილა ისინი, რომ პოლიტიკური ლიდერები ძალიან მალე დაიწყებენ მოქალაქეებთან გულწრფელ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის. FT-სთან ინტერვიუში გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გაიმეორა ეს გზავნილი და განაცხადა: "რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მით მეტი შანსი გვაქვს, შევაკავოთ რუსეთი, რათა მან არ სცადოს ჩვენი სიმტკიცის შემოწმება".
JEF-ის შემადგენლობაში შედიან დიდი ბრიტანეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვედეთი. მოსალოდნელია, რომ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს შორის შეთანხმებას ხელი სამეფო ფლოტის ავიამზიდ HMS Prince of Wales-ის ბორტზე, Atlantic Future Forum-ის კონფერენციის წინ მოეწერება, რომელიც სწორედ ამ სამხედრო ხომალდზე გაიმართება.
რიჩარდ ნაიტონის თქმით, ამ შეთანხმებების ხელმოწერის წყალობით, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი JEF-ის ქვეყნები ურთიერთგაგების მემორანდუმებიდან, ინფორმაციის გაცვლიდან და კონსულტაციებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადავლენ. "ერთ-ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსული წყალქვეშა ნავების შეკავება, რათა ომის დროს მათ არ შეეძლოთ დარტყმების მიყენება საზღვაო ნაოსნობაზე ან მისთვის საფრთხის შექმნა", — აღნიშნა მან და დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.




