ფრანგული პორტალი tf1info „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ და დაკარგულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.  

„ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შედეგად საფრანგეთის 11 მოქალაქე დაღუპული, 18 კი დაკარგულია. დადასტურებულია სულ მცირე 4 ბრიტანელის სიკვდილი, 17 ბრიტანელის დაკარგვის ან დაღუპვის შესახებ „ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია კი მთავრობას არ დაუდასტურებია, - წერს tf1info.

მისივე ინფორმაციით, ბერლინი ადასტურებს, რომ მძევალთა შორის რამდენიმე გერმანელია, ხოლო 22 წლის გერმანელი ქალის გარდაცვალებაზე საუბრობს მისი და.

კიევის განცხადებით, დაიღუპა 7 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 9 უკრაინელი.

თითო-თითო მოქალაქის დაღუპვა დაადასტურეს ესპანეთმა, პორტუგალიამ, ირლანდიამ, ავსტრიამ და თურქეთმა.

დაკარგულია პორტუგალიის 4, ავსტრიის და იტალიის 2-2 და თურქეთის 1 მოქალაქე.

ვაშინგტონის განცხადებით აშშ-ის მინიმუმ 22 მოქალაქეა დაღუპული, ოტავა კი აცხადებს, რომ 3 კანადელი დაიღუპა 3 კი გაუჩინარებულია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, მძევალთა შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.

ბუენოს-აირესმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილია 7 და დაკარგულია 15 არგენტინელი.

2-2 მოქალაქეა დაღუპული ბრაზილიიდან და პერუდან, თითო-თითო კი კოლუმბიიდან და ჩილედან, დაკარგულებს შორის კი 3 პერუდანაა, 2-2 მექსიკიდან და პარაგვაიდან, თითო-თითო კი ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და ჩილედან.

tf1info-ს ცნობით, სხვა ქვეყნების დაღუპულ და დაკარგულ მოქალაქეთა შესახებ მის ხელთ არსებული მონაცემები ასეთია:

ტაილანდი - 21 დაღუპულია და 14 გატაცებული

ნეპალი - 10 დაღუპული და 1 დაკარგული

რუსეთი - 4 დაღუპული და 6 დაკარგული

ფილიპინები - 3 დაღუპული და 3 დაკარგული

ჩინეთი - 3 დაღუპული და 2 დაკარგული

ავსტრალია - 1 დაღუპული

აზერბაიჯანი - 1 დაღუპული

კამბოჯა - 1 დაღუპული

ტანზანია - 2 დაკარგული

შრი-ლანკა - 2 დაკარგული