უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ამომრჩეველს მისი თმის და შარდის ნარკოლოგიური ტესტირების შედეგებს ამცნობს.

„აკრედიტებული ავსტრიული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტის შედეგები 100%-იანი გარანტიით აჩვენებს, რომ მე არანაირი ნარკოტიკი არ მომიხმარია მრავალი თვის განმავლობაში“, - წერს მადიარი და აღნიშნავს, რომ ეს არ არის მისი პირველი საჯარო უარყოფითი ნარკოლოგიური ტესტი.

„საინტერესოა, რომ ორბანის მთავრობის წევრების, იშტვან ტიბორჩის ან ტამაშ დოიჩის უარყოფითი ნარკოლოგიური ტესტები არ გვინახავს. რატომ? 12 აპრილს არჩევნებში „ტისას“ გამარჯვების შემდეგ, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წევრებს რეგულარულ ნარკოლოგიურ ტესტებს ჩავატარებთ.

ძვირფასო „ფიდესის“ მაფიის წევრებო, ძვირფასო პროპაგანდისტებო!

თქვენი კიდევ ერთი ტყუილი უარყოფილია. შეგიძლიათ კიდევ 13 დღე განაგრძოთ და შემდეგ უნგრელები სამშობლოს დაიბრუნებენ.

შენიშვნა: ეს ტესტი არის არა ექსპრეს-ტესტი, არამედ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიული ტესტი, რომელიც გამოიყენება სასამართლო-სამედიცინო მიზნებისთვის.

ტესტი ჩაატარა ვენის ლაბორატორიამ, რომელიც ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სპეციალიზებულია ნარკოტიკებზე, ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე და მისი შედეგები ასევე გამოიყენება ოფიციალურ და სამართლებრივ პროცესებში.

მე არ ვლაპარაკობ და არ ვყვირი, როგორც „ფიდესის“ მაფიოზები, მაგრამ - ვასაბუთებ..

ეს არის განსხვავება ცარიელ სიტყვებსა და პასუხისმგებლობას შორის“, - წერს პეტერ მადიარი.


უნგრული მედია აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, „ფიდესის“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩიშმაც გაიარა ნარკოტესტი. ის სემელვაისის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს ეწვია მას შემდეგ, რაც არაერთხელ მოუწოდა მადიარს ერთობლივ ექსპერტიზაში მონაწილეობისკენ. კოჩიშმა ადრე განაცხადა, რომ „ნარკოტიკები სძულს და არ იყენებს“ და მადიარს შეტყობინება გაუგზავნა: „გელოდებით ნარკოტესტზე“.

თმის ტესტით შესაძლებელია ნარკოტიკების ხანგრძლივი მოხმარების გამოვლენა, ხოლო შარდის ტესტით - ბოლოდროინდელი მოხმარების. ნარკოტესტირებასთან დაკავშირებული დებატები გამწვავდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მარტის შუა რიცხვებში გამოძიება დაიწყო 2024 წლის აგვისტოში, სახლში გამართულ წვეულებაზე, რომელსაც პეტერ მადიარიც ესწრებოდა, ნარკოტიკების სავარაუდო შენახვის ფაქტზე.