„ფაინენშელ ტაიმსი“ იუწყება, რომ უნგრეთმა ომისგან განადგურებული უკრაინის   ფინანსების სტაბილიზაციის მიზნით ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე დაბლოკა.

საკითხთან დაკავშირებული ოთხი წყაროს ცნობით, პარასკევს, ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა წინააღმდეგობა გაუწია ბლოკის მიერ უკრაინისთვის ფულის სესხებას ევროკავშირის ბიუჯეტით გარანტირებული ვალის გაცემით. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება.

სესხი დეკემბერში შეათანხმეს ევროკავშირის ლიდერებმა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი სამაშველო რგოლი კიევისთვის, რომელსაც აპრილში შესაძლოა ბიუჯეტის დეფიციტი შეექმნას. იმ დროს უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი დათანხმდნენ უკრაინის დახმარებაზე მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი არ იქნებოდნენ პასუხისმგებელი სესხის პროცენტის გადახდაზე ან დაფარვაზე და გარანტორი ევროკავშირის დანარჩენი 24 ქვეყანა იქნებოდა. თუმცა, იმისათვის, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის სესხის გაცემისთვის ე.წ. ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვი გამოიყენოს, კენჭისყრისას ერთსულოვნებაა საჭირო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 8 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ამჟამად დამტკიცების პროცესშია, ასევე დამოკიდებულია კიევის მიერ ევროკავშირის სესხის მიღებაზე და შესაძლოა, უნგრეთის ვეტომ მას საფრთხე შეუქმნას.  

„ფაინენშელ ტაიმსი“ წერს, რომ უნგრეთში გადაწყვეტილება სესხის დაბლოკვის შესახებ აპრილის არჩევნებისთვის მზადების ფონზე მიიღეს. გამოკითხვების თანახმად, პეტერ მადიარის  ოპოზიციური პარტია „ტიზა“ ორბანის „ფიდესს“ დაახლოებით 10%-ით უსწრებს (უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით - „აიპრესი“)

არჩევნების წინა პერიოდში ორბანმა გააძლიერა ანტიუკრაინული რიტორიკა. ამ კვირაში მან კიევი „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით მიწოდების შეწყვეტაში დაადანაშაულა, რომელიც რუსული ნავთობს უკრაინის გავლით უნგრეთში აწვდის. მილსადენი რუსეთმა დააზიანა, თუმცა ორბანმა უკრაინა დაადანაშაულა რემონტის ჩაუტარებლობაში.

უნგრეთის სახელმწიფო მედიაში ფართოდ გავრცელდა ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც იმეორებს რუსეთის არგუმენტებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინის  დაფინანსება ომს უნგრელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე აჭიანურებს.

სესხის გარეშე უკრაინა მეორე კვარტალში ფინანსური კოლაფსის რისკის ქვეშაა.

სესხის შეთავაზება ბოლო წუთს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნები დეკემბრის სამიტზე ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებაზე.

ბელგია, სადაც Euroclear-ის აქტივების უმეტეს ნაწილია განთავსებული, მკაცრად ეწინააღმდეგებოდა სესხს და საბოლოოდ მას მხარი დაუჭირეს იტალიამ და საფრანგეთმა.

„ფაინენშელ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ ბრიუსელში უნგრეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.