ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას მომავალ ზამთარში "ისტორიაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა" აღუთქვა, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე მძიმე იქნება რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დახმარებას და გავაძლიერებთ უკრაინის ელექტროენერგიითა და სითბოთი მომარაგებას. გარდა ამისა, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას", – განაცხადა მან ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვისას.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები Patriot კიევს სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია "ერთობლივად შემცირდეს დამოკიდებულება ერთი მომწოდებლისგან" და უკრაინასთან ერთად შემუშავდეს "ხელმისაწვდომი მოდულური სარაკეტო თავდაცვის სისტემა", რომლის საკვანძო ელემენტიც პროექტი Freyja იქნება.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა ევროპას, შექმნას NATO-სგან დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, რომლებიც შეიარაღებული აგრესიის დონეს არ აღწევს. შემოთავაზებული გეგმის თანახმად, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა ვალდებული იქნება, კონსულტაციები დაიწყოს.

"ევროპას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი წესების კრებული სჭირდება. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ კონკრეტულ ინციდენტებს", – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კიბერშეტევების, დივერსიების, ხანძრებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის შემთხვევები დღიდან დღემდე იზრდება.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა მექანიზმი, რომელიც NATO-ს მე-4 მუხლს შეავსებს", – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ საგანგებო კონსულტაციები იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ წარმოადგენს შეიარაღებულ კონფლიქტს, თუმცა შესაძლოა, ემუქრებოდეს მათ უსაფრთხოებას, ტერიტორიას ან პოლიტიკურ თავისუფლებას.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა ევროპის უსაფრთხოების საბჭოს შექმნის გეგმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეხვდებიან პარტნიორი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, როგორიცაა კანადა, ნორვეგია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.