ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის დროებითი შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება არ წარუდგენიათ. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საკითხებში მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა.

მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მიხაელ ჰაგერმა წარადგინა წინადადება მოქმედი შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით. „მე ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას, რადგან ის არაკორექტულია“, - განაცხადა პრესმდივანმა.

მანამდე, პოლონურმა მედიამ RMF24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკლ ჰაგერმა შესთავაზა, 15 სექტემბრის შემდეგ კვლავ გახანგრძლივებულიყო დროებითი აკრძალვა უკრაინული სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობების იმპორტზე, როგორც ამას პოლონეთი და უნგრეთი მოითხოვდნენ.

ამასთან, ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა, ვსევოლოდ ჩენცოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ ევროკომისიაში უარყვეს მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელების შესახებ წინადადების წარდგენა.

ჩენცოვის თქმით, ევროკომისიაში უარყვეს ინფორმაცია უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის დროებითი შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც 15 სექტემბერს დასრულდება.

ჩენცოვმა განაცხადა, რომ ბრიუსელში მიმდინარეობს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ ერთობლივი საკოორდინაციო პლატფორმის მე-9 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროკომისიისა და უკრაინის მეზობელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი დირექტორები, რომელთა თავმჯდომარეც მაიკლ ჰაგერია. მისი თქმით, ჰაგერმა უარყო RMF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.