ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა უკრაინაზე, კერძოდ კი ამ ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული განურჩეველი თავდასხმების საპასუხოდ. ევროკავშირის საბჭომ შავ სიაში შეიყვანა 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის სექტორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან შემოსავლებს ომის გასაგრძელებლად და ასევე მხარს უჭერენ რუსულ "ჩრდილოვან ფლოტს", — ნათქვამია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასანქციო სიის ახალ ფიგურანტებს შორის არის დაახლოებით 50 რუსული ბანკი და საფინანსო ორგანიზაცია, ასევე კომპანიები ელექტრონული კომერციის სექტორიდან. სიაში მოხვდა რუსული საცალო ვაჭრობის გიგანტის, Wildberries-ის ერთადერთი აქციონერი, ასევე პირი, რომელიც აკონტროლებს მაჟორიტარულ წილს ელექტრონული კომერციის სფეროს კიდევ ერთ მსხვილ რუსულ კომპანიაში — Ozon-ში. საუბარია Wildberries-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორ ტატიანა კიმსა და ინვესტორზე, ვენჩურული ფონდის, Leta Capital-ის დამფუძნებელ ალექსანდრე ჩაჩავაზე.
ამასთან, Wildberries-ის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ კომპანიას ევროკავშირში აქტივები არ გააჩნია და მის ტერიტორიაზე არ ოპერირებს. შესაბამისად, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სანქციები Wildberries-ის მუშაობაზე არ აისახება.
ნავთობისა და გაზის სექტორში ევროპული სანქციების ქვეშ მოექცნენ კომპანიები, რომლებიც მართავენ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალს, ასევე დაკავებულნი არიან ენერგორესურსების დაზვერვითა და მოპოვებით.
შავ სიაში, სხვათა შორის, შეყვანილია მოსკოვის, ხაბაროვსკის, ილსკისა და ომსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, კომპანიები "გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი", "ტაიფ-ნკ", "კირიშინეფტეორგსინთეზი" და "ორსკნეფტეორგსინთეზი".
რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან დაპირისპირების ფარგლებში, სასანქციო სიაში შეყვანილია კომპანიები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან და ომანიდან, ასევე სეიშელის კუნძულებიდან, რომლებიც რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტებს ყიდულობენ, — აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა ცალკეული ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც ფლობენ ან მართავენ გემებს, რომლებსაც რუსული ნავთობი უკანონოდ გადააქვთ. "ეს გემები გამოიყენება რუსული ნავთობის უკანონო გადაზიდვისთვის მაღალი რისკის შემცველი ოპერაციების ფარგლებში", — შეახსენეს ბრიუსელში.
დამატებითი ზომები დამტკიცდა იმ ქმედებების წინააღმდეგ მოქმედი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, — განმარტებულია ტექსტში.




