ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი, პერსონალური სანქციები დააწესა.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ბლოკმა სანქციები დაუწესა 28 ადამიანს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობენ.

შეზღუდვები შეეხოთ BelTA-ს გენერალურ დირექტორ ირინა აკულოვიჩს, ქვეყნის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ძმიტრი ჟუკს, ასევე ტელეარხ STV-ს პროგრამა „სენატის“ წამყვანს და ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს ნიკიტა რაჩილოვსკის.

„რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომელიც მომზადებული იყო როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ და სიძულვილს აღვივებდნენ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სანქციების სიაში მოდვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБОПиК) უფროსის ორი მოადგილე, პროკურორებისა და მოსამართლეების ნაწილი და სასჯელაღსრულების დაწესებულების რიგი ხელმძღვანელები.

სასანქციო სიაში მყოფი პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების გამოყოფა. სანქციები ასევე ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლებას უზღუდავს.

ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.