ევროკავშირის სასამართლომ მოლდაველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა პლახოტნიუკი ევროკავშირის სანქციების სიაში რჩება.
სასამართლოს განმარტებით, ევროკავშირმა 2023 წლის გადაწყვეტილებაში პლახოტნიუკის სანქციების სიაში შეყვანის მიზეზები და მტკიცებულებები არ მიუთითა.
გადაწყვეტილების გასაჩივრება ევროკავშირის საბჭოს ორი თვის ვადაში შეუძლია.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პლახოტნიუკი ევროკავშირის სასანქციო სიაში, მათ შორის, 2024 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრია. მან ქვეყანა 2019 წლის ივნისში დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. პლახოტნიუკს მოლდოვაში თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში, უკანონო გამდიდრებაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
ევროკავშირმა პლახოტნიუკის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის მაისში მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობისთვის დააწესა.