ევროკავშირის საბჭო და პარლამენტი რუსული გაზის იმპორტზე სრულად უარის თქმის საბოლოო თარიღზე შეთანხმდნენ. რეგულაციის მიხედვით, თხევადი გაზის მიღება დასრულდება 2026 წლის დასასრულისთვის, ხოლო მილსადენით მიღებული ბუნებრივი აირის იმპორტირება 2027 წლის შემოდგომისთვის.
რეგულაციის ძალაში შესვლიდან 6 კვირის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული გაზის იმპორტირება აიკრძალება. თუმცა შეზღუდვა მოიცავს გარდამავალ პერიოდს იმ კონტრაქტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ძალაშია.
მოკლევადიანი მიწოდების კონტრაქტებისთვის, რომლებიც 2025 წლის 17 ივნისამდე დაიდო, შეზღუდვა გათხევადებული გაზის იმპორტზე 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მილსადენით იმპორტირებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში 2026 წლის 17 ივნისიდან ამოქმედდება.
გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტების შემთხვევაში აკრძალვა ძალაში შევა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის შესაბამისად.
რაც შეეხება გრძელვადიან კონტრაქტებს გაზის მილსადენით იმპორტირებაზე, მათ შეზღუდვა 2027 წლის 30 სექტემბრიდან შეეხებათ, თუ მარაგები გეგმის მიხედვით შევსებული იქნება. მსგავსი ხანგრძლივი კონტრაქტებისთვის შეზღუვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი ნოემბრისა.
არსებულ კონტრაქტებში ცვლილებები დაიშვება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული ოპერაციული მიზნებისთვის და მსგავს შემთხვევას არ უნდა მოჰყვეს მისაწოდებელი გაზის მოცულობის გაზრდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან წარმოადგინონ რუსეთისგან ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმები.
ამას გარდა, ევროკომისია აპირებს, რომ გამოსცეს კანონმდებლობა, რომელიც 2027 წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვასაც გაითვალისწინებს.




