გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლებმა, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის წინასწარ შერჩეული გუნდის სტატუსით, პირველად მიიღეს მონაწილეობა უკრაინის ხელისუფლებისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა გამართულ შეხვედრას სამუშაო ჯგუფების დონეზე უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა გუნდებს შორის გამართული განხილვა უწოდა. "დიპლომატიური ძალისხმევა აქტიურად გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ის უშედეგო არ იქნება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ომის ღირსეული დასრულება და უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა, გუნდების პირისპირ შეხვედრა კი 19 ნოემბერს ბერლინში, "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში შედგება. ზელენსკის თქმით, გამართული განხილვა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მოსალოდნელია, რომ გერმანიის დედაქალაქში ქვეყნების წარმომადგენლები მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებას შეძლებენ.
რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მომავალ მოლაპარაკებებზე. მომლაპარაკებელთა გუნდში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ხუთი ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები შევიდნენ.




