ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვენესუელაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ "ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა".
"ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბლოკის 26 წევრი სახელმწიფოს სახელით გავრცელდა.
ევროკავშირში იზიარებენ "ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის პრიორიტეტს", მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ პრობლემები უნდა გადაიჭრას "თანამშრომლობის გზით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემით".
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კონტაქტზეა აშშ-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც "თავად ვენესუელელების ხელმძღვანელობით კრიზისის დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი მოგვარების საწინდარი გახდება".
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპერატიული დანიშნულების დანაყოფმა "დელტამ" კარაკასში, თავის ცოლთან ერთად დააკავა. ახლა კი, ორივე ბრუკლინის ციხეში სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.
ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და მისი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების შეთქმულება - ბრალის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია. ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიციაც: მადუროების ვენესუელაში დაბრუნება არ მოხდება, ვიდრე ისინი სასჯელს ამერიკის ციხეში სრულად არ მოიხდიან. ასევე, შტატები გადაწყვეტს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც ვენესუელას გარდამავალ პერიოდში უნდა უხელმძღვანელოს.




