ევროკავშირი ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის თქმით, "არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო მისიების შეფასებით, ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა".

მისივე თქმით, "ქვეყნის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კენჭისყრის შედეგების ამსახველი ოქმები, ამიტომ საბჭოს მიერ მტკიცებულებების გარეშე გამოცხადებული შედეგები აღიარებული ვერ იქნება".

ევროკავშირი ქვეყნის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებს, რომ არჩევნებში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა.

მანამდე, 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გონასლესი აღიარა.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.

BBC-ს ცნობით, პოლიციელებსა და სამხედროებთან ერთად დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ მადუროს ხელისუფლების მხარდამჭერი მემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც „კოლექტივოს“ უწოდებენ.

სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.