ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ვადამდელი არჩევნების დროს დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ დარღვევების დადგენის შედეგად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვების გაფანტვის მიზნით, სერბეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. 

საარჩევნო პროცესი სერბეთში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია 2012 წლიდან, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს, - განაცხადეს სამშაბათს ევროკავშირის კომისრებმა

„ჩვენ შეშფოთებით ვასკვნით, რომ საარჩევნო პროცესი საჭიროებს ხელშესახებ გაუმჯობესებას და შემდგომ რეფორმებს, რადგან სერბეთის დემოკრატიული ინსტიტუტების სწორი ფუნქციონირება დგას სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის ერთობლივ განცხადებაში.

უფრო ადრე, ორშაბათს კი ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ მოიპოვა უსამართლო უპირატესობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მედიის მიკერძოებულობის, პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის არაჯეროვანი ზეგავლენის და კენჭისყრის პროცესისას ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ამომრჩეველთა ხმების ყიდვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისიის დასკვნებს. ვაშინგტონმა მოუწოდა სერბეთს ეუთოსთან იმუშაოს საარჩევნო პროცესის გარშემო „არასამართლიანი პირობების“ აღმოსაფხვრელად.

ეუთომ ასევე დაადგინა, რომ არჩევნები დაჩრდილული იყო არაერთი პროცედურული დარღვევით, ისეთით, როგორიცაა საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება და რომ ეს ფაქტორები, მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, არასამართლიან პირობებს ქმნიდა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ სერბეთს იმუშაოს ეუთოსთან ამ საკითხების გადასაჭრელად, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა, მეორე ადგილზე გასულმა მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ალიანსმა ხმების 23,56% მიიღო, ხოლო მესამეზე ადგილზე გასულმა სერბეთის სოციალისტური პარტია 6,56%.

დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას, ოფიციალურ ფუნქციებსა და საარჩევნო აქტივობებს შორის გამიჯვნის ნაკლებობას, ამომრჩეველთა დაშინებას და ხმების ყიდვას.

გუშინ, ოპოზიციური ძალების მიერ გამართული საპროტესტო დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი კი დააკავა. დღეს საპროტესტო დემონსტრაციებს სტუდენტები შეუერთდნენ. მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ემილია მილენკოვიჩმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ქუჩიდან ზეწოლა გაგრძელდება და ოთხშაბათს ისევ მოაწყობენ ბარიკადებს.