ესპანეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ურდას დასახლებასთან მდებარე სადგურთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ტრაგედიის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია, მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად კი მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა ან შეზღუდული ფორმატით ჩატარდება.

როგორც სააგენტო AFP იუწყება, ღამით მაშველები მძიმე ტექნიკისა და ამწეების დახმარებით ასუფთავებდნენ ნანგრევებს მადრიდსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სევილიას შორის არსებულ სარკინიგზო ხაზზე. გამთენიისას ავარიის ადგილის თავზე პოლიციის დრონები პატრულირებდნენ.

პოლიციამ მადრიდში, ტოლედოში, კორდობასა და სევილიაში ოთხი პუნქტი მოაწყო, სადაც ნათესავებს შეუძლიათ დნმ-ის ნიმუშების ჩაბარება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირების მიზნით. გარდა ამისა, კასტილია-ლა-მანჩასა და მადრიდში სისხლის ჩაბარების ცენტრები გაიხსნა.

28 ოქტომბერს, ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-ს მატარებელი 397 მგზავრით, იმავე ლიანდაგზე მდგარ კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებელს შეეჯახა, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა. რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და მიწაყრილიდან გადავარდა. ორივე მატარებელი მადრიდიდან სევილიის მიმართულებით მოძრაობდა.

ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ 69-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომატური მართვის სისტემის გაუმართაობა მოხდა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა მატარებელი გაჩერდა.

თუმცა, სადისპეტჩერო ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება "მოძრაობის განახლების შესახებ ისეთ გარემოებებში, რომელიც, ჩვენი თვალსაზრისით, აუხსნელია", - აღნიშნა პუენტემ და დასძინა, რომ Renfe-ს მატარებელმა 25 კილომეტრი გაიარა, სანამ Iryo-ს შემადგენლობას შეეჯახებოდა. სადისპეტჩერო ცენტრს "შეცდომის გამოსავლენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ არ გამოასწორა", - დასძინა მინისტრმა.