პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო ე.წ. ქარის პარკების შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მწვავე შეფასება გააკეთა.

„პრეზიდენტ ნავროცკის ბოროტი განზრახვა თუ საშინელი არაკომპეტენტურობა. შესაძლოა ორივე. მისი ვეტო ნიშნავს ელექტროენერგიის უფრო მაღალ ფასებს ყველა პოლონელისთვის - დღეს და მომავალში. პირველი გამოცდები: დიპლომატია და ენერგეტიკა - ჩავარდა. <ფასს> ყველა გადაიხდის“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა პლატფორმა X-ზე.

დღეს პრეზიდენტმა ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვეტო დაადოს კანონპროექტს ე.წ. ქარის პარკების შესახებ კანონში შესწორების შესახებ, რომელიც ამ ტიპის სახმელეთო ენერგეტიკაში ინვესტირების წესების ლიბერალიზაციას და 2025 წლის ბოლომდე მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასების გაყინვას ითვალისწინებდა.

ცვლილებას უნდა გაუქმებულიყო 2016 წელს შემოღებული წესი 10H (გულისხმობს ქარის ელექტროსადგურის განთავსების ადგილის ქარის სადგურის სიმაღლის ათმაგი ოდენობით დაშორებას დასახლებული პუნქტიდან - „აიპრესი“) და მინიმალური დასაშვები მანძილი არსებული 700 მეტრიდან 500 მეტრამდე შემცირებულიყო.

„არის ერთი კანონპროექტი, რომელზედაც უპირობოდ ვეტოს დადება მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, გადავწყვიტე. ეს არის კანონპროექტი ქარის წისქვილზე - ასე უნდა ვუწოდოთ მას. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის შანტაჟის ფორმა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არამედ საზოგადოების წინააღმდეგაც“, - თქვა კაროლ ნავროცკიმ და დასძინა:

„ეს კანონპროექტი ეხება ქარის პარკებს და არა ელექტროენერგიის ფასების შემცირებას. ელექტროენერგიის ფასების შესამცირებლად, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რაც ფასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, კერძოდ, ემისიების სავაჭრო სისტემა (ETS). ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მწვანე შეთანხმებაზე“.

ნავროცკიმ ასევე განაცხადა, რომ სეიმს წარუდგენს კანონპროექტს ელექტროენერგიის ფასების გაყინვის შესახებ, რომელიც „ამოღებულია“ ქარის ელექტროსადგურების შესახებ კანონიდან.

„ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ელექტროენერგიის ფასების გაყინვის წინადადებაში არც ერთი მძიმე არ შეგვიცვლია. პოლონეთის სეიმი 9 სექტემბერს შეიკრიბება, პოლონეთის სენატი 24 სექტემბერს და 24 სექტემბრიდან, ქალბატონებო და ბატონებო, მზად ვიქნები, ხელი მოვაწერო კანონპროექტს ელექტროენერგიის ფასების გაყინვის შესახებ, რითაც დამცავი ზომები გაგრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა

მისი თქმით, იგი ელექტროენერგიის ფასების შესახებ საკუთარ კანონპროექტს 100 დღის განმავლობაში მოამზადებს.