საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დღეს „ბლექ სი არენაზე“ იმყოფებოდა, სადაც საკონცერტო სივრცეები და ტერიტორიაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო Empire Of The Sun-ის შოუს მასპინძლობისთვის მზად არის.

მათივე ცნობით, ავსტრალიური მუსიკალური პროექტის – Empire of the Sun-ის კონცერტი 27 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის, Starring Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას“ ეზოში მდებარე Front stage-ზე გაიმართება.

„როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები ქართველ ახალგაზრდებს საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე საკუთარ ქვეყანაში დასწრების შესაძლებლობას აძლევს.

კულტურის მინისტრთან ერთად ადგილზე შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძე და შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი თამარ ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

მინისტრი დღესვე „მუსიკოსთა პარკს“, „სოციალურ სივრცეს“, უნიკალურ პარკს სახელწოდებით – „საქართველო მინიატურებში“ და განახლებულ „ციცინათელას პარკს“ ეწვია.

თინათინ რუხაძე Starring Georgia-ს ახალი პროექტის – „ჰეკატეს ბაღის“ მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.