ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 88 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გიზის მახლობლად მოხდა. ავარიის შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებლების შეჯახების ადგილზე სასწრაფო დახმარების 72 ბრიგადა გაიგზავნა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაიროს სამხრეთით მომხდარ შეჯახებას „დიდი ინტერესით“ ადევნებს თვალს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ეგვიპტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებს დაევალათ, დაზარალებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
მისივე თქმით, გაცემულია განკარგულება, გამოიძიონ შემთხვევის გარემოებები და „პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომლის დაუდევრობაც დადასტურდება“.




