კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია 390-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა, ხოლო ვირუსს, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა. 

ჯანმო-ს განცხადებით, მიმდინარე აფეთქება პანდემიის კრიტერიუმებს ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს, თუმცა ორგანიზაცია აფრთხილებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ინფიცირების რეალური მასშტაბები, შესაძლოა, ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად დიდი იყოს. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ ებოლას ეს კონკრეტული შტამი ბუნდიბუგიოს ვირუსითაა გამოწვეული, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული მედიკამენტი ან ვაქცინა ამ დროისთვის არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეგიონში მონიტორინგს აგრძელებს და განახლებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.