რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებელი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ჩრდილოეთ კორეიდან მუშახელის ჩართვას სულ უფრო აქტიურად ახორციელებს, თანაც საერთაშორისო სანქციებს იგნორირებას უკეთებს, აღნიშნავს სანქციების მონიტორინგის მრავალმხრივი ჯგუფი (MSMT), რომელიც აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მიერაა შექმნილი.

მსგავსი თანამშრომლობა ფხენიანისთვის უზრუნველყოფს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს უკანონო შეიარაღების შემუშავების პროგრამების დასაფინანსებლად, ნათქვამია MSMT-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ მონაცემებით, რუსეთის უპილოტო აპარატების საწარმოო სექტორში, მათ შორის თათრეთში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონა "ალაბუგაში" მდებარე საწარმოებში, ჩრდილოეთ კორეის 25 000-მდე მოქალაქე მუშაობს. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩრდილოკორეელი მუშები რუსეთში სტუდენტების სახით შედიან, ხოლო მათი საშუალო წლიური შემოსავალი გადაანგარიშებით 7500 დოლარს შეადგენს, აღნიშნულია ანგარიშში.

MSMT-ის შეფასებით, ეს თანხა ხუთჯერ აღემატება იმ შემოსავალს, რომლის მიღებაც ჩრდილოკორეელებს ჩინეთში შეეძლებოდათ, რაც რუსეთს მათთვის სულ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს. 2025 წლის ბოლოსთვის ჩინეთში 20-დან 70 ათასამდე ჩრდილოკორეელი მუშა მუშაობდა, რუსეთში კი – 15-დან 30 ათასამდე, ნათქვამია ანგარიშში.