დასავლურ სადაზვერვო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსეთმა ირანში საბრძოლო მასალების მიწოდება დაიწყო, რათა ქვეყანამ აშშ-სთან დაპირისპირებისთვის საჭირო სამხედრო მარაგები აღადგინოს.
ტვირთები ირანში კასპიის ზღვის გავლით, საზღვაო გზით იგზავნება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კასპიის ზღვის აკვატორიას მხოლოდ რეგიონის სახელმწიფოები აკონტროლებენ, რაც დასავლეთის სამხედრო ძალებს ურთულებს რუსული პორტებიდან გამომავალი გემების პირდაპირ ჩაჭრას.
დასავლური მედიის შეფასებით, ეს ნაბიჯი მოსკოვსა და თეირანს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. თუ კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე ირანი აწვდიდა რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს, ამჟამად უკვე რუსეთი ეხმარება ირანულ მხარეს სათანადო რესურსებით.
მიღებულ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს ირანი რეგიონში საკუთარი არსენალის შესავსებად და აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციებისთვის იყენებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვსა და თეირანს ვრცელი კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.




