ფრანგული რეალითი შოუების ვარსკვლავები და პოპულარული ბლოგერები, ოკიან ელ-ჰიმერი (Océane El Himer) და ლეა მერი (Léa Mary), დუბაიში სამართალდამცველებმა დააკავეს.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი დუბაის ერთ-ერთ ლუქს-კლასის აპარტამენტში გამართულ კერძო წვეულებაზე მოხდა, სადაც პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველების მთავარ მიზანს Interpol-ის მიერ ძებნილი პირის აყვანა წარმოადგენდა, თუმცა ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 20 გრამი კოკაინი და ექსტაზის აბები აღმოაჩინა.  

დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობა და მოხმარება. ორივე მათგანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით მკაცრი, "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკით გამოირჩევა. ადგილობრივი კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენის ან სისხლში მისი კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი, ბრალდებულებს პატიმრობა, მსხვილი ფინანსური ჯარიმები ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ.  

ოკიან ელ-ჰიმერსა და ლეა მერს სოციალურ ქსელებში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.