აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კუბის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების აფართოებს.
გაფართოებული სანქციები მოიცავს "აგენტებს, თანამდებობის პირებს ან კუბის მთავრობის მატერიალურ მხარდამჭერებს", რომლებიც კუბის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან და მათ, ვინც "სამთავრობო კორუფციაში და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან თანამონაწილეები".
ამასთან, ახალი სანქციები გლობალურ საბანკო სისტემაზე კუბის წვდომას შეზღუდავს და შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც კუბის რეჟიმთან კავშირების გამო აქამდე სანქცირებულ პირებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.
განკარგულების მიხედვით, სანქციები შესაძლოა ეხებოდეს "ნებისმიერ უცხოელ პიროვნებას", რომელიც მოქმედებს "კუბის ეკონომიკის ენერგეტიკის, თავდაცვისა და დაკავშირებული მომარაგების, მეტალებისა და სამთო მრეწველობის, ფინანსური სერვისების ან უსაფრთხოების სექტორში ან კუბის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა სექტორში".
განკარგულების ფარგლებში აშშ-ს მთავრობას შეუძლია სანქციები დაუწესოს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებსაც "განუხორციელებიათ ან ხელი შეუწყვიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის ანდა ტრანზაქციისთვის" მათი სახელით ან მათთვის, ვისაც კუბის მთავრობასთან კავშირები აქვს.
თეთრი სახლის პრესრელიზის მიხედვით, აღმასრულებელი განკარგულება "კუბის მავნებელი გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას" ემსახურება.
"პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების წინაშე კუბის კომუნისტური რეჟიმის მხრიდან მდგარ საფრთხეებს პასუხობს მტკიცე ქმედებით, რათა კუბის რეჟიმსა და მის მხარდამჭერებს პასუხი აგებინოს მტრული აქტორების, ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის მხარდამჭერისთვის, რომელიც ამერიკის უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის". - წერია პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ კუბა ირანთან და ჰეზბოლას მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ახლო კავშირები აქვს.
"კუბა ამერიკიდან 100 მილზე ნაკლები დაშორებით მტრულ უცხოურ სადაზვერვო, სამხედრო და ტერორისტული ოპერაციებისთვის შემწყნარებელ გარემოს ქმნის". - წერია პრესრელიზში.








